პარასკევი, 29 მარტი, 2024
| | | |
 
კულტურა
მუზეუმები
გალერეები
თეატრები
კინოთეატრები
ატრაქციონები
გამოფენები
პანთეონები
საკონცერტო დარბაზები

მომსახურება
ბანკები
თარჯიმნები
საკონფერენციო დარბაზები
დღესასწაულების მოწყობა
დაზღვევა
განათლება
ნოტარიუსები
დასაქმება
კომუნიკაცია
უძრავი ქონება
მედია
მედიცინა
ექსპრეს ფოსტა
სპორტი
ტურ - კომპანიები
სხვა

ტურისტული მარშრუტები

მარშრუტი 3: ძველი თბილისის აჩრდილები

სოლოლაკი

  შემდეგი ჩვენი მარშრუტი იწყება სოლოლაკის რაიონიდან. სოლოლაკში ყველაზე სუფთა ჰაერია მთელს თბილისში. იგი იწყება თავისუფლების მოედნიდან და მამა დავითის მთამდე მიდის. გადმოცემის მიხედვით, არაბთა ბატონობის პერიოდში, ბოტანიკური ბაღის მორწყვისათვის ააშენეს თუ აღადგინეს აკვედუკი (ხიდი, რომელიც წყლის გადასვლისათვისაა შექმნილი). ამ არხს არაბულად სულუპახს უწოდებდნენ. ტერიტორია ოდითგანვე იყო დაფარული ბაღებით, რომელთა ნარჩენებიც ჯერ კიდევ გვხვდება შიდა ეზოებში. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზეც კი, სოლოლაკის ადგილას ბაღები არის დატანებული. მშენებლობა დაიწყო მე-19 საუკუნეში. მე-20 საუკუნის 20-იან წლებამდე სოლოლაკი თბილისში ყველაზე პრესტიჟულ, კეთილმოწყობილ და ”ევროპულ” რაიონად მიიჩნეოდა. მასში, ძირითადად, სახლდებოდა ადგილობრივი ელიტა, მეწარმეები და სტატუსიანი ინტელიგენცია. თუკი სოლოლაკის ქუჩებს ჩაუღრმავდებით, სწრაფადვე მიხვდებით, თუ რატომ უწოდებენ მას ”კავკასიურ პარიზს” . ამის მიზეზი განსაკუთრებულად წყნარი ატმოსფერო, ენათა მრავალფეროვნება და მე-19-მე-20 საუკუნისათვის დამახასიათებელი კოსმოპოლიტური არქიტექტურაა. იმ დროის თბილისის სახლები სიმდიდრითა და ხარისხით ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდნენ ევროპულ მოდერნს. სახლების მფლობელები მათ მშენებლობას ქალაქის საუკეთესო არქიტექტორებს უკვეთავდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოს სოლოლაკი ყველაზე პრესტიჟული უბანი იყო, რომელიც ძირითადად ფეშენებელური ვილებითა და ”მოდერნის” სტილის სახლებით იყო დაკომპლექტებული. უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე სოლოლაკი ისევე გამოიყურება, როგორც ძველ დროს. სადარბაზოებში კი ჯერაც შეიძლება წარწერა SALVE -ს (მოგესალმებით) ან სახლის ყოფილი მესაკუთრის სახელის წაკითხვა.

საქართველოს ეროვნული ბანკი

თავისუფლების მოედნიდან ზემოთ მიდის ლეონიძის ქუჩა, რომლის დასაწყისშიც, მარჯვენა მხარეს არის განთავსებული საქართველოს ეროვნული ბანკი. შენობა 1913 წელს ააშენეს (არქიტექტორი - მ. ოგაჯანოვი). თავდაპირველად შენობა ორსართულიანი იყო. 1959-1960 წლებში მას მესამე სართულიც დაურთეს. მთავარი ფასადი, რომელიც ქუჩაზე გადის მოდერნის სტილისაა. ფასადის მხარე მორთულია რელიეფური ორნამენტებით და ფიგურული კომპოზიციებით.

ფულის მუზეუმი

თუკი ნუმიზმატიკის მოყვარული ბრძანდებით, ფულის მუზეუმი თქვენთვის საინტერესო სანახაობა იქნება. იგი ეროვნული ბანკის გვერდითაა განთავსებული. მუზეუმი 2001 წელს დაარსდა. მუზეუმის ექსპოზიციაში ქრონოლოგიური განრიგითაა წარმოდგენილი სამონეტო საქმისა და ფულადი მიმოქცევისა მრავალსაუკუნოვანი ისტორია საქართველოში. ასევე, საზღვარგარეთის ქვეყნების ფულადი ნიშნები: კოლხური თეთრი, მაკედონური სტატერი, ანტიკური მონეტები, არაბული დრაჰმები, ვენეციური დუკატები და სხვ. მუზეუმში შეძლებთ ძველი ქართული მონეტების ასლების, თანამედროვე ქართული საინვესტიციო, საიუბილეო და საკოლექციო მონეტების შეძენასაც.

მაჩაბლის ქუჩა

  მაჩაბლის ქუჩაზე (ლეონიძის ქუჩიდან პირველი შესახვევი მარცხნივ) ინჟინერ მირზოევის სახლში ცხოვრობდა რუსი პოეტი ნიკალაი გუმილევი (1900-1903). შენობა კუთხურია და ორ ლამაზ ქუჩაზე გადის. გუმილევის პირველი ლექსი სწორედ რომ თბილისში დაიბეჭდა.

საქართველოს მწერალთა კავშირი

ჩვენი შემდეგი გაჩერება საქართველოს მწერალთა კავშირის ულამაზესი შენობაა. იგი მაჩაბლის 13-ში მდებარეობს. შენობა 1905 წელს ცნობილი ქართველი მეწარმისა და მეცენატის დავით სარაჯიშვილის მიერაა აშენებული. შენობის არქიტექტურული სტილი მკვეთრად გამოხატული მოდერნია. ამ სახლში იკრიბებოდა ქართული ინტელიგენცია. მის სასტუმრო ოთახში კითხულობდნენ აკაკი წერეთლისა და ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებებს... სახლს სტუმრობდა სერგეი ესენინიც. ამ სახლთან ერთად ესენინმა მთელი თავისი ქონება ქართულ საზოგადოებრიობას, ეკლესიას, ინჟინრებს, ტექნიკოსებს და კონიაკის ქარხნის მუშაკებს უანდერძა. სარაჯიშვილისა და მისი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, სარაჯიშვილის ცოლის ძმამ დაარღვია ანდერძი და 1918 წელს გადაწყვიტა შენობის აუქციონზე გაყიდვა. ამან ქართული საზოგადოებრიობის აღშფოთება გამოიწვია და მათ დახმარებისათვის ქართველ კომერსანტს და საზოგადო მოღვაწეს აკაკი ხოშტარიას მიმართეს, რომელმაც შეიძინა შენობა. 1921 წელს, ბოლშევიკების მოსვლასთან ერთად, ხოშტარიამ დატოვა საქათველო და შენობა ქართველ მწერლებს უბოძა. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, შენობა მწერალთა კავშირს დაუტოვეს. ამ კედლებს ბევრი ახსოვთ - პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა, მუდმივად მთვრალი გალაქტიონ ტაბიძე... 1928 წელს მაქსიმ გორკი ამ სახლის მეორე სართულზე ცხოვრობდა. აქ 1927 წელს ახალგაზრდა ახალგაზრდა ქართველ მწერლებთან შეხვედრაზე ვლადიმერ მაიაკოვსკი თავის ნაწარმოებებს კითხულობდა. 1927 წლის 8 ოქტომბერს თბილისში პროგრესიული ფრანგი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ანრი ბარბოსის საპატივცემულოდ შედგა საზეიმო შეხვედრა. 1938 წლის 10 ივლისს კი აქ იყო ცნობილი რუსი მწერალი ალექსეი ტოლსტოი.

ლერმონტოვის ქუჩა

  ლეონიძის ქუჩის პარალელურად და მაჩაბლის ქუჩის გადაკვეთაზე განთავსებულია ლერმონტოვის ქუჩა. ლერმონტოვის ქუჩის დასაწყისში, მე-19 საუკუნეში განთავსებული იყო გენერალ-მაიორ ფიოდორ ისაევიჩ ახვერდოვის სახლი. 1816 წელს, მიიღო რა კავკასიის კორპუსის არტილერიის მეთაურის წოდება იგი პეტერბურგიდან კავკასიაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ფიოდორ ისაევიჩი თავის ოჯახთან ერთად თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე დასახლდა. სამწუხარო, ეს ულამაზესი სახლი არ შენარჩუნდა. სახლის დიასახლისმა, პრასკოვია ნიკოლაევნა არსენიევამ, რომელიც ლერმონტოვს დეიდად ეკუთვნოდა შექმნა სალონი, რომელიც თამაშობდა დიდ როლს თბილისი კულტურულ ცხოვრებაში. ეს სახლი იქცა ქალაქის ლიტერატურული ცხოვრების ცენტრად და ნაღები საზოგადოების შეკრების ადგილად. აქ ყოფილან კიუხელბეკერი, პუშკინი, იაკუბოვიჩი, რინკევიჩი და სხვ. 1837 წელს ახვერდოვების სახლში ცხოვრობდა დიდი რუსი პოეტი მიხეილ ლერმონტოვი. სახლის ეზოში არსებულ ფლიგელს კი თავად ალექსანდრე ჭავჭავაძის ოჯახი იკავებდა. ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე სახლი მთელს ქალაქში იყო ცნობილი. ალექსანდრე ჭავჭავაძემ შესანიშნავი განათლება მიიღო და მშობლიურ ენაზე ლექსებს წერდა. ასევე რუსი პოეტების ლექსებს თარგმნიდა. ჭავჭავაძების სახლის მთავარ ფასეულობას ქალები წარმოადგენდნენ: ცოლი -სალომე და უმშვენიერესი ქალიშვილები - ნინო და ეკატერინე. ჭავჭავაძეების სახლი ერთხმად იყო აღიარებული რუს და ქართველ ინტელიგენციის დამაკავშირებელ რგოლად. ჭავჭავაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდა მიხეილ ლერმონტოვი და 1829 წელს დაქვრივებულ ნინო ჭავჭავაძეს ესაუბრებოდა. გადმოცემის მიხედვით, მან ლერმონტოვს განშორებისას აჩუქა ხანჯლები მამამისისა და ქმრის კოლექციებიდან. ჭავჭავაძეებისა და ახვერდოვების ოჯახები ოდითგანვე იყო დაკავშირებული მეგობრული ურთიერთობებით. ბავშვები ერთად იზრდებოდნენ. სწორედ ახვერდოვების ოჯახში გაიცნეს ერთმანეთი ნინო ჭავჭავაძემ და ალექსანდრე გრიბოედოვმა, რაც, როგორც ვიცით, უდიდეს სიყვარულში გადაიზარდა. აქ თხოვა მან ნინოს ცოლობა.

43-ე სკოლა

თუკი მაჩაბლის ქუჩას გავუყვებით, მოვხვდებით ასათიანის ქუჩაზე. მე-19 საუკუნეში აქ განთავსებული იყო თავადი ბებუთოვების სასახლე. სწორედ ამიტომ ერქვა ამ ქუჩას ადრე - ბებუთოვის ქუჩა. თუკი ქუჩას ზემოთ გავუყვებით, აღმოვჩნდებით ცნობილ 43-ე სკოლასთან. ადრე ეს იყო მანთაშევის სავაჭრო სასწავლებელი. იგი 1910-1911 წლებში იქნა აშენებული (არქიტექტორი გაზაროს სარქისიანი). მშენებლობა დააფინანსა ცნობილმა ნავთობ-მეწარმემ ალექსანდრე მანთაშევმა. სკოლა 1911 წლის 1 ივლისს გაიხსნა. არმისული სკოლამდე - შეასახვევია, რომელშიც შეხვევის შემთხვევაში აღმოვჩნდებით ქიქოძის ქუჩაზე. შეუძლებელია არ შეამჩნიო ქიქოძის 11 ნომერში არსებული შენობა. ულამაზესი სახლი ქვის აივნების არკადით ტერ-მიქელოვმა ააგო. ცნობილმა არქიტექტორმა ”იტალიური ვილა” აღმართა ”ხიზილალის მეფეების” ძმები მაილოვებისათვის. ფასადზე ჯერაც ჩანს პირველი მფლობელის ინიციალი ”მ” . სამწუხაროდ, ძმებზე ბევრი ვერაფერი ვერ გაირკვა. ცნობილია, რომ აქ ცხოვრობდა სომეხი პოეტი აკოპ აკოპიანი, ხოლო საბჭოთა პერიოდში კი ფილიპე მახარაძე.

კულტურის სახლი

ლერმონტოვისა და ქიქოძის ქუჩების კუთხეში მდგომი შენობა - ყოფილი მანთაშევის სახლია. გადმოცემით, მანთაშევმა იგი თავისი ქალიშვილისათვის ააშენა. აივნების მოაჯირებზე ჯერაც არის შენარჩუნებული ქალის სილუეტი. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსებული იყო ხელოვნების მუშაკთა სახლი, ხოლო ამჟამად - შ. დადიანის სახელობის კულტურის სახლი.

50-ე სკოლა

ოდნავ ქვევით, ქიქოძის 4-ში დგას სოლიდური, ყვითელი ფერის შენობა. ამჟამად ეს 50-ე სკოლაა. 1918-1921 წლებში სკოლაში ფუნქციონირებდა ფრანგული საელჩო. პირველი ფრანგი კონსული საქართველოში კი იყო ცნობილი ფრანგი მოგზაური და მეწარმე ჟაკ-ფრანსუა გამბა. მან ორჯერ იმოგზაურა კავკასიაში და პარიზში დაბრუნებისას თავისი მოგზაურობის დაწვრილებითი აღწერილობა გამოსცა. სწორედ მისი ინიციატივით დაარსდა თბილისში საფრანგეთის საკონსულო. იგი რუსული ხელისუფლების პატრონმაჟით სარგებლობდა. გამბა მეგობრობდა ალექსანდრე ჭავჭავაძესთან და მის წინანდლის სახლსაც კი სტუმრობდა.

ინგოროყვას ქუჩა

  ქიქოძის ქუჩის ბოლომდე გასვლისას, კვლავ აღმოვჩნდებით ლეონიძის ქუჩაზე, რომელის გადაკვეთისას, მოვხვდებით ინგოროყვას ქუჩაზე. ამ ქუჩაზე აღმოჩენისას, პირველი რასაც დავინახავთ, ეს არის საქართველოს მთავრობის სახლი, საქართველოს კომუნისტური პარტიის ყოფილი ცენტრალური კომიტეტი. მის პირდაპირ კი არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერებათა ინსტიტუტია. საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ისტიტუტის შენობაში მეფისნაცვლის კანცელარია იყო განთავსებული.

ჩაიკოვსკის ქუჩა

  ზუსტად კანცელარიიდან იწყება ჩაიკოვსკის ქუჩა. ჩაიკოვსკის 12-ში არსებულ სახლში არა ერთხელ გაჩერებულა დიდი რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი. ეს სახლი მის ძმას ეკუთვნოდა, რომელსაც საოლქო სასამართლოს პროკურორის წოდება ჰქონდა მინიჭებული. პეტრე ჩაიკოვსკი აღფრთოვანებით აღწერდა თბილისის სტუმრობის პერიოდებს თავის წერილებსა და დღიურებში.

ჭონქაძის ქუჩა

  თუკი ჩაიკოვკის ქუჩას ბოლომდე ავუყვებით, აღმოვაჩენთ ჭონქაძის ქუჩას. ჭონქაძის 12-ში ბოზარჯანცის, თამბაქოს მწარმოებლის დიდებული სახლი დგას (არქიტექტორი - ოგაჯანოვი). ეს შენობა მოდერნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია. ფოიე მოპირკეთებულია კაფელით. შენობის არქიტექტურა ერთ სტილშია გადაწყვეტილი, რაც მას განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის. სახლი შემოსაზღვრულია თაღით, რომელიც ღია-რუხი ფერის მსხვილი ქვისაგანაა აწყობილი. ძმების ბოზარჯანცევებისა სამ-სართულიანმა სახლმა მიიღო სპეციალური არქიტექტურული პრემია - საუკეთესო ფასადი, რომელიც თბილისის მერიამ 1915 წელს მიანიჭა მას. სწორედ ამ სახლში იქნა გადაღებული მრავალი მხატვრული ფილმის სცენები. მათ შორის იყო, ”დათა თუთაშხიაც”. ჭონქაძის ქუჩაზე, კერძოდ კი 4 ნომერში, კიდევ ერთი აღსანიშნავი რომანტიკული მოდერნის სტილში გადაწყვეტილი ნაგებობაა, რომლის მეორე სართულზეც ბაღია განთავსებული.

კავკასიური სახლი

  ჩვენი უკანასკნელი გაჩერება გალაქტიონ ტაბიძის ქუჩის 20 ნომერია. სწორედ აქ არის განთავსებული ”კავკასიური სახლი” ან როგორც მას ზოგჯერ უწოდებენ სმირნოვების სახლის პუშკინის მემორიალი. სახლში შევლისას, უნებურად დაგავიწყდებათ, რომ რამოდენიმე წუთის სიარულის შემთხვევაში ქალაქის ცენტრში ხართ, რადგან მოულოდნელად ხდებით თვითმხილველი და მონაწილე საოცარი სიჩუმისა, მე-19 საუკუნისათვის დამახასიათებელი სიჩუმისა. სახლი 1860 წელს თამამშევის ოჯახის თავის (მდიდარი სომეხი კომერსანტის) შეკვეთით და შვედი ოტო სიმენსენის პროექტით ტრადიციულ ევროპულ სტილში ხის ფერადი აივნებით აშენდა. თამამშევის ქალიშვილი ელიზავეტა მიხეილ სმირნოვს გაჰყვა ცოლად და მშობლებისაგან მზითევში ეს სახლი მიიღო. მიხეილის დედა იყო ალექსანდრა ოსიპოვა სმირნოვა-როსეტი. იგი გახლდათ მეგობარი ისეთი გამოჩენილი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ: პუშკინი, კრილოვი, მიცკევიჩი, ლისტი და ჟუკოვსკი. იყო ორი იმპერატრიცის ფრეილინა, ლიტერატურული სალონის მფლობელი, გამოჩენილი მემუარისტი და თავისი დროის ერთ-ერთი ულამაზესი ქალი. რუსულ პოეზიაში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მას 30-ზე მეტი ლექსი მიუძღვნეს, რომელთაგან უმეტესობა მუსიკაზეა დადებული და დღეს ქალაქური რომანსების სახით იმღერება. მე-19 საუკუნის 70-იან წლებში მიხეილმა დედამისის ლიტერატურული სალონი პეტერბურგიდან ამ სახლშიი გადმოიტანა და თანდათანობით ის გადაიქცა ერთ-ერთ კულტურულ ცენტრად, სადაც იკრიბებოდნენ რუსეთისა და საქართველოს გამოჩენილი ადამიანები, მწერლები, მეცნიერები, მსახიობები, მუსიკოსები. სწორედ ასე აღმოჩნდა თბილისში მრავალი დეკორატიული ექსპონატი. ამგვარად ჩვენ ვასრულებთ ჩვენს გასეირნებას სოლოლაკში. თუმცა მის ულამაზეს ქუჩებში ხეტიალი კიდევ დიდ ხანს შეიძლება.