ხუთშაბათი, 28 მარტი, 2024
| | | |
 
კულტურა
მუზეუმები
გალერეები
თეატრები
კინოთეატრები
ატრაქციონები
გამოფენები
პანთეონები
საკონცერტო დარბაზები

მომსახურება
ბანკები
თარჯიმნები
საკონფერენციო დარბაზები
დღესასწაულების მოწყობა
დაზღვევა
განათლება
ნოტარიუსები
დასაქმება
კომუნიკაცია
უძრავი ქონება
მედია
მედიცინა
ექსპრეს ფოსტა
სპორტი
ტურ - კომპანიები
სხვა

ტურისტული მარშრუტები

მარშრუტი 1: ძველი თბილისის მარგალიტები
Click on Object

ბარათაშვილის ქუჩა

ბარათაშვილის ხიდი ეს ის ადგილია, საიდანაც ძველი ქალაქის დათვალიერება შეგიძლიათ დაიწყოთ . მას შეიძლება ”კონტრასტების ქუჩაც” ეწოდოს რადგან აქ ”წარსული” და ”აწმყო” ერთმანეთს ერწყმის. მარჯვენა მხარეს თანამედროვე შენობებია, ხოლო მარცხენა მხარეს - ძველი, ეროვნული სახლები აივნებით.

ძველი ციხესიმაგრის კედელი

ბარათაშვილის ქუჩაზე კარგადაა შემონახული და ნაწილობრივ აღდგენილი ძველი, კოშკებიანი ციხე-სიმაგრის ფრაგმენტები. კედელზე რკინის ფირფიტაა წარწერით: ძველი თბილისის ეს თავდაცვითი კედელი 1977 წელს იქნა აღმოჩენილი”. იგი ქალაქის ციხესიმაგრიდან (ნარიყალადან) იწყება, სოლოლაკის გასწვრივ გადის თანამედროვე ქუჩების დადიანის, პუშკინისა და ბარათაშვილის გასწვრივ და მდინარე მტკვრთან მთავრდება. ადრე, ამ ადგილას დიღმის კარი და მუხრანთუბანის გალავანი იყო.

შოთა ყავლაშვილის მონუმენტი

ბარათაშვილის ქუჩის დასაწყისში ქართველი არქიტექტორის, შოთა ყავლაშვილის მონუმენტია განთავსებული. მისი ავტორობით განხორციელდა ქალაქის ძველი რაიონების რეკონსტრუქცია და აღდგენა.

იოანე პეტრიწის მონუმენტი

ქალაქიდან არც თუ შორს განთავსებულია მე-12 საუკუნის ქართველი ნეო-პლატონური ფილოსოფოსის, იოანე პეტრიწის მონუმენტი.

კონკა

კონკა თბილისში პირველად 1883 წელს გამოჩნდა. თავდაპირველად იგი საქონლის სატარებლად გამოიყენებოდა, თუმცა მოგვიანებით მას ადამიანებიც მიმართავდნენ. 1904 წელს კონკა ტრამვაიმ ჩაანაცვლა, თუმცა ადამიანებმა ვერ შეძლეს მასთან განშორება და ახლა იგი ქუჩის კაფის სახითაა შემონახული.

თოჯინების მუზეუმი

შეუძლებელია არ შეამჩნიოთ ფერადი შენობა ბარათაშვილის ქუჩაზე დაშვებისას. ეს გახლავთ თოჯინების მუზეუმი. (არქიტექტორი - შ. ყავლაშვილი). შენობა განთავასებულია სანაპიროზე, ბარათაშვილისა და შავთელის ქუჩებს შორის.

კომპოზიცია ”ბერიკაობა”

თოჯინების მუზეუმის წინ განთავსებულია კომპოზიცია ”ბერიკაობა” (ბერიკაობა ქართული ნაციონალური დღესასწაულია, რომელიც არ არის შეზღუდული დროსა და სივრცეში. ეს არის ქართული ხალხური ნიღბების თეატრი, რომელიც ქუჩებში იმართება ხოლმე). იგი მოქანდაკე ა.მონასელიძისა და არქიტექტორ გ. ჯანბელიძის მიერაა შექმნილი.

მეეზოვის ქანდაკება

ახლოსვეა განთავსებული მეეზოვის ქანდაკება, რომელიც ცნობილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნახატის მიხედვითაა შესრულებული.

ანჩისხატი

ანჩისხატის ბაზილიკა და მისი სამრეკლო (მე-6 საუკუნე) ერთ-ერთი უძველესია თბილისში. ანჩისხატი ვახტანგ გორგასლის ვაჟის, დაჩი უჯარმელის პერიოდში აღიმართა. პალესტინური არქიტექტური გავლენის გამო, ტაძარი სამ-ნეფიან ბაზილიკასაა მიმსგავსებული. მოცემული სახელწოდება ტაძარს მე-17 საუკუნეში მიენიჭა. მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც ცნობილმა ქართველმა ოქრომჭედელმა ბექა ოპიზარმა (იგი თამარ მეფის ეპოქაში ცხოვრობდა) მოხატა, ძველ ქართულ ქალაქში ანჩიში ინახებოდა( ახლა ეს კლარჯეთია, რომელიც თურქეთის ტერიტორიად მოიაზრება). თურქეთის ერთ-ერთი შემოჭრის დროს ცხადი გახდა, რომ ქალაქს ვეღარ დაიცავდნენ და ხატი თბილისში, ამ ტაძარში იქნა გადასვენებული. ახლა ხატი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება. ტაძარი რამოდენიმეჯერ იქნა გადაკეთებული, განსაკუთრებით მე-17 საუკუნეში, როდესაც ტაძრის ზედა ნაწილი, რამოდენიმე ბოძი და სამრეკლო კვლავ აგურით ააშენეს. ტაძრის ყველაზე ძველი ნაწილებია ქვის კედლები, აღმოსავლეთის ფასადის სარკმელების რაფები და სარკმელი საკურთხევლის ზემოთ.

ტიციან ტაბიძის ბიუსტი

ანჩისხატის ტაძრის მახლობლად, სანაპიროს მხარეს განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის, ტიციან ტაბიძის (1895-1937) ბრინჯაოს ბიუსტი. ტიციან ტაბიძე ”ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამაარსებელია. სხვათა მსგავსად, ისიც სტალინის რეპრესიების მსხვერპლი შეიქმნა. ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს და სახელმწიფო ღალატის შეთხზული ბრალდებით სიკვდილით დასაჯეს. პოეტი ცნობილი რუსი მწერლის, ბორის პასტერნაკის ახლო მეგობარი იყო, რომელმაც მისი პოეზია რუსულ ენაზე თარგმნა.

ერეკლე II -ის მოედანი

შავთელის ქუჩა ერეკლე II -ის მოედანზე სრულდება. 1638 წელს სიონისა და ანჩისხატის ტაძრებს შორის არსებულ მოედანზე მეფე როსტომმა სასახლე ააგო და ამ მოედანსაც ”სამეფო მოედანი” ეწოდა. 1975 წელს, აღა-მახმად-ხანის შემოჭრისას სასახლე მთლიანად განადგურდა. ძველ დროს ადგილობრივი მოსახლეობა აქ იკრიბებოდა და ახალ ამბებს განიხილავდა ხოლმე. სწორედ ამიტომ ეწოდა ამ ადგილს ”სალაყბო”.

 წმინდა გიორგის სახელობის კარის ტაძარი

წმინდა გიორგის კარის ტაძარი ერეკლე II -ის მოედანთან ახლოს დგას. მისი აღმოსავლეთი ფასადი შავთელის ქუჩას გადაჰყურებს. ამ ტერიტორიაზე თავდაპირველად ვახტანგ გორგასალმა ააგო წმინდა მთაარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნეში მონღოლების შემოჭრისას დაინგრა. მე-17 საუკუნეში, მეფე როსტომის სურვილით ამ ნაგრევების ადგილას სამი ტაძარი აიგო: წმინდა იოანე ნათლისმღებლის, ხარების და წმინდა გიორგის. ჩვენამდე მხოლოდ ამ უკანასკნელმა მოაღწია, რომლის მშენებლობამ 1710 წელს დასრულდა მეფე სიმონის მიერ. შენობის დასავლეთ ფასადზე განთავსებულია სამრეკლო. ტაძარზეც და სამრეკლოზეც ნათლადაა აღბეჭდილი მე-19 საუკუნეში განხორციელებული გადაკეთებების კვალი.

პატრიარქის რეზიდენცია და ქართული მართლმადიდებლური ეკლესია

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს წინ შეგვიძლია ვიხილოთ მცირე ზომის შადრევანი - საჩუქარი ”პარიზისაგან თბილისს”. ამ მოედნიდან იწყება ერეკლე მეორეს სახელობის ულამაზესი ქუჩა. ვაზის ერთ-ერთი ჯიში ”იზაბელა” პირდაპირ ქუჩაშივე იზრდება.

სიონის ტაძარი

ძველი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავი მემორიალია - წმინდა მარიამის მიძინების ტაძარი ან უბრალოდ სიონი. ქუჩასაც შესაბამისად სიონის ქუჩა ეწოდება, რომელზე მოხვედრაც ერეკლე მეორის ქუჩით შეგიძლიათ. ტაძრის მშენებლობა ვახტანგ გორგასალმა (446-499 წწ) დაიწყო. სიონი მუდამ თბილისის მძიმე ხვედრის თანამოზიარი იყო. მრავალი საუკუნის მანძილზე იგი არა ერთხელ დაანგრიეს და გაანადგურეს. 1226 წელს ხორეზმის შაჰის მემკვიდრე, ჯალალ-ედ-დინი უზარმაზარი ჯარით შემოიჭრა საქართველოში და თბილისი დაიკავა. შაჰმა ტაძრიდან გუმბათის აღება და მის ნაცვლად იქ მისი ტახტის დადგმა ბრძანა, რათა ქალაქის გადაწვისა და ქრისტიანთა წამებისათვის ედევნებინა თვალი. ვინც წმინდა ხატების შეურაცხყოფაზე უარს იტყოდა, ჯალათები თავს ჭრიდნენ და მათ სხეულებს იქვე, მტკარში ყრიდნენ. სწორედ ასე იქნა მოკლული ასი ათასი ქართველი მოწამე. სულ მალე საშინელ მიწისძვრას ჰქონდა ადგილი და შაჰის ტახტი ტაძრიდან ჩამოვარდა. აღსანიშნავია, რომ სიონის ტაძარში ინახება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ყველაზე დიდი სიწმინდე. ეს გახლავთ წმინდა ნინოს ჯვარი, რომელიც ვაზის ორი ტოტისაგანაა დამზადებული და თვითონ ნინოს თმითაა შეკრული. 1752 წელს ჯვარი რუსეთში იქნა წაღებული, ხოლო 1801 წელს კი იგი კვლავ საქართველოში დააბრუნეს.

იეთიმ გურჯის ძეგლი

სანაპიროს მხრიდან, სიონის ტაძრის მახლობლად დგას ქართველი პოეტ-აშუღისა და მომღერალის, იეთიმ გურჯის (1875-1940) ძეგლი. (მოქანდაკე დ. მიქათაძე, არქიტექტორი - შ. ყავლაშვილი, ბრინჯაო, 1985 წ.)

ქარვასლა 

სიონის მახლობლად განთავსებულია შენობა, სადაც მე-19 საუკუნის დასაწყისში განთავსებული იყო თბილისში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქარვასლა. იგი ვაჭარ პ. არწრუნს ეკუთვნოდა. ქარვასლები წარმოადგენდნენ მსხვილ საზოგადოებრივ ნაგებობებს დასავლეთში, გზებსა და დაუსახლებელ ადგილებში რომელთა ძირითადი დანიშნულებაც მოგზაურთათვის დროებითი თავშესაფრის უზრუნველყოფა იყო. ქარვასლა, რომელზეც ახლა გვაქვს საუბარი იმ ქარვასლის ნანგრევების (მე-18 საუკუნეში სპარსელების შემოჭრის შედეგი) ადგილას დგას, რომელიც მეფე როსტომმა 1650 წელს ააგო და თბილისის ეპისკოპოსს გადასცა. ნაგებობის შიდა ნაწილში უზარმაზარი ეზო გახლდათ, რომელშიც ლამაზი აუზები იყო განთავსებული. შიდა ეზო გალერეებით იყო გარშემორტყმული. პირველი სართულზე დახლები და სახელოსნოები ფუნქციონირებდნენ. მეორე სართულზე მოთავსებულ 25 მაღაზიაში კი აზიური და ევროპული საქონლით ვაჭრობდნენ. 1885 წელს ხანძრისაგან სასტიკად დაზიანებული შენობა აღადგინეს. სიონის ქუჩაზე გამავალი ფასადი კი 1912 წელს მოდერნის სტილში გადააკეთეს. 1984 წელს განხორცილებული მორიგი რეკონსტრუქციის შემდეგ კი ამ შენობაში გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი - ქარვასლა ფუნქციონირებს.

თბილისის სასულიერო სემინარია

სიონის ქუჩაზე, ”ქარვასლის” მოპირდაპირე მხარეს კიდევ ერთი ქარვასლაა, რომელიც დედოფალ თეკლეს, ერეკლე მე-2-ის ქალიშვილს ეკუთვნოდა. ის აშენებულია სამეფო ქარვასლის ადგილას, რომელიც საბუთებში 1672 წლიდან მოიხსენიება და ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შედგენილ თბილისის გეგმაშიც აღინიშნება. შენობის ჩვენამდე მოღწეული იერ-სახე მე-19 საუკუნის 70-იან წლებში იქნა ჩამოყალიბებული, როდესაც შენობებისათვის აღმოსავლური კოლორიტის მინიჭების ტენდენცია გაჩნდა. ამჟამად, ყოფილი ქარვასლის ერთ-ერთ კორპუსში თბილისის სასულიერო სემინარიაა განთავსებული.

ბამბის რიგი და შარდენის ქუჩა

ფეოდალურ ქალაქში სიონისა და ერეკლე მე-2-ის ქუჩების გასწვრივ რასტაბაზარი იყო განთავსებული. ”რასტაბაზარი” სპარსული სიტყვაა და ქართულად, ქუჩის გასწვრივ, ერთ რიგად მოწყობილ დახლებსა და სახელოსნოებს ნიშნავს. მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ სავაჭრო რიგი - მენთეშევის რიგები ააშენეს. სავაჭრო რიგი შედგება მოდერნის სტილის ორი შენობისგან. პირველი შენობა თბილისის ისტორიის მუზეუმს ესაზღვრება, მეორე კი რაიონს შარდენისა და ბამბის რიგის ქუჩებად ჰყოფს. ბამბის რიგი მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა ქუჩაა და ამასთან ერთ-ერთი უძველესია თბილისში. აქ ჯერაც შეგიძლიათ იხილოთ მენთეშევის რიგები, მისი სახლი და მისი ოჯახის გერბი.

ქანდაკება ”თამადა”

ბამბის რიგის დასაწყისში ბრინჯაოს კაცის ქანდაკებაა, რომელსაც ხელში ღვინის ყანწი უკავია. ეს მონუმენტი გაზრდილი ასლია ბრინჯაოს ქანდაკებისა, რომელიც დასავლეთ საქართველოში წარმოებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა ქრისტეს შობამდე მე-7 საუკუნით თარიღდება.


შარდენის ქუჩა


ბამბის რიგიდან მარჯვნივ, შარდენის ქუჩაა. შარდენი ძალიან ვიწრო და მოკლე ქუჩაა, მას ფრანგი მკვლევარის ჟან შარდენის სახელი უწოდეს, რომელმაც თბილისი 1863 წელს მოინახულა. იმ პერიოდისათვის ქუჩას ”ბნელი რიგი” ეწოდებოდა, რადგან იგი გადაჭედილი იყო მაღაზიებითა და სახელოსნოებით. შარდენის, ბამბის და ერეკლე მე-2-ის ქუჩები შესაძლებლობას გვაძლევენ დავათვალიეროთ ადგილობრივი არტ-გალერეები და სუვენირის მაღაზიები. ამასთან, აქ უამრავი კაფე ფუნქციონირებს.

სერგეი ფარაჯანოვის მონუმენტი

შარდენის ქუჩის ბოლოს, სანაპიროს მხრიდან განთავსებულია ცნობილი პროდიუსერის სერგეი ფარაჯანოვის მონუმენტი. იგი იტალიაში დაამზადეს ქართველი მოქანდაკის ვაჟა მიქაბერიძის ესკიზებითა და იური მეჩითოვის მიერ გადაღებული ფოტო-სურათის მიხედვით.

გორგასალის მოედანი

შარდენის ქუჩიდან, შეგვიძლია მოვხვდეთ გორგასალის მოედანზე. ეს მოედანი ციხესიმაგრის წინ იყო განთავსებული. სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი თავდაპირველი სახელწოდება - ”ციხისმოედანი”. დიდი ხნის განმავლობაში ციხესიმაგრეს სპარსელები განაგებდნენ. ხალხმა განსხვავებული რწმენის დამპყრობლები საერთო სახელის ”თათრების” ქვეშ გააერთიანა. სწორედ ამიტომ მოედანს სახელი შეუცვალეს და თათრის მოედანი დაარქვეს. მას ასევე შეიტან-ბაზარსაც უწოდენენ. ეს იყო მთავარი სავაჭრო მოედანი. აქ ყველაფრის შეძენას შეძლებდით, იქნებოდა ეს საკვები, სასმელი, ოქროსა თუ ვერცხლის ნივთები.

წმინდა გიორგის ეკლესია - სურბ გევორგი

გორგასლის ქუჩიდან იწყება სამღებროს ქუჩა, სადაც მდებარეობს სომხური ეკლესია სურბ-გევორგი. იგი აგურისაგანაა ნაშენები პრინცი უმეკის ხელმძღვანელობით 1251 წელს. შემდგომში ის არაერთხელ იქნა გადაკეთებული. იგი მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ძველ მოქმედ სომხურ ეკლესიად თბილისში. ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ქვეშ დამარხულია მე-18 საუკუნის სომეხი პოეტი საიათ-ნოვა.

კოტე აფხაზის ქუჩა

გორგასალის მოედნიდან შეგვიძლია გადავიდეთ კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძის) ქუჩაზე. შუა საუკუნეებში ქუჩას შუაბაზარი ეწოდებოდა და ქალაქს ზედა და ქვედა ნაწილებად ჰყოფდა. იგი ოფიციალური ბაზარი არ იყო, თუმცა მუდამ იყო გადაჭედილი ხალხით . ეს გახლდათ ვაჭრობის არაოფიციალური ცენტრი. მე-19 საუკუნეში ქუჩას ”სომხური ბაზარი” ეწოდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქუჩას სახელი შეუცვალეს და საბჭოთა კავშირის გმირის, გენერალ კონსტანტინე ლესელიძის სახელი უწოდეს. 2007 წელს ქუჩას ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძარაობის ერთ-ერთი ლიდერის, საზოგადო და სამხედრო მოღვაწის, გენერალ კოტე აფხაზის საპატივსაცემულოდ კვლავ გადაარქვეს სახელი. ქუჩა რამოდენიმეჯერ იქნა რეკოსტრუქტურებული. ქვაფენილი გააფართოვეს და მოძრაობა ცალმხრივი გახადეს, რათა ფეხით მოსიარულეებს უკეთ შეძლებოდათ უძველეს ქუჩაზე სეირნობა. აქ ერთმანეთის მახლობლად განთავსებულია ებრაული სინაგოგა, ქართული მართლმადიდებლური ტაძარი - ჯვარის მამა და სომხური ეკლესია - ნორაშენი.

სინაგოგა

სინაგოგა მე-19 საუკუნის ბოლოს იქნა აშენებული. ქართული სინაგოგა ცნობილია, როგორც ”დიდი სინაგოგა”. იგი ახალციხელი ებრაელების მიერ იქნა დაარსებული, რომლებიც თბილისში მე-19 საუკუნის ბოლოს დასახლდნენ. ამიტომ, მას მეორენაირად ”ახალციხელი ებრაელების სინაგოგადაც” მოიხსენიებენ. სინაგოგა 1895-1913 წლებში აგურითაა ნაშენები, ეკლექტიკურ სტილში. შემდგომ იგი გუმბათითა და სარკმელით დაამშვენეს. სინაგოგის მთავარი ჭიშკარი დავითის ვარსკვლავითაა დამშვენებული.

ჯვარის მამა

ტაძრის სახელი მომდინარეობს იერუსალიმში არსებული ქართული ეკლესიიდან. ამ ადგილას ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში იდგა პატარა ეკლესია, რომელიც მონღოლების შემოჭრისას დანგრეულ იქნა. მე-16 საუკუნეში ეკლესია აღადგინეს. აღა-მახმად-ხანის შემოჭრის დროს, იგი ისევ დაინგრა. 1825 წელს ტაძარი კვლავ აღადგინეს. ამ პერიოდასთვის მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

ეკლესია ”ნორაშენი”

ჯვარის-მამის მარჯვნივ მდებარეობს სომხური ეკლესია ნორაშენი, რაც სომხურად ახლად-აშენებულს ნიშნავს. ეკლესია სადატის მიერ 1467 წელს იქნა დაარსებული. 1650 წელს ხოჯა ნაზარმა ხელახლა ააშენა ახლად დანგრეული ეკლესია. ეკლესიის გუმბათი ოსტატი პეტროსის მიერ იქნა შექმნილი. ეკლესია 1795, 1808 და 1875 წლებში კვლავ აღდგენას ექვემდებარებოდა. ეკლესიის ინტერიერი დამშვენებულ იქნა ერეკლე მე-2-ის კარის მხატვრის, ოვნათან ოვნათანიანის მიერ შექმნილი ფრესკებით. საბჭოთა პერიოდში ეკლესია ბიბლიოთეკად გადაკეთდა. დღეს ეკლესია არ ფუნქციონირებს.

Tსაქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

აფხაზის ქუჩიდან მარჯვნივ გადახვევისას, შევამჩნევთ ანტონ კათალიკოსის ქუჩას. აქ ჩვენ აღმოვაჩენთ დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. მუზეუმი განთავსებულია მე-19 საუკუნის ყოფილ გუმბათოვან სინაგოგაში. საბჭოთა რეჟიმის პერიოდში, სინაგოგა დაიხაურა. ამჟამად იგი რეკოსნსტრუქციის პროცესში იმყოფება და მცირე ხნით დაკეტილია.

სომხური ეკლესია ”სურბ-ნიშან”

თუკი აფხაზის ქუჩაზე დავბრუნდებით და მარჯვნივ შევუხვევთ ვიპოვით ვერცხლის ქუჩას, სადაც მდებარეობს ძველი სომხური ეკლესია ”სურბ-ნიშანი”, რაც ნიშნავს ჯვარის ნიშანს. იგი 1701 წელს აიგო. ეკლესიის დეკორი მოიცავს ტრადიციულ სომხურ და აღმოსავლეთის ელემენტებსაც. ამ მომენტისათვის ეკლესია არ ფუნქციონირებს.

გენერალ ლესელიძის მონუმენტი

აფხაზისა და ვერცხლის ქუჩების კუთხეში გენერალ ლესელიძის (1903-1944, საბჭოთა პოლკოვნიკ-გენერალი და საბჭოთა კავშირის გმირი) ძეგლი დგას.

წმინდა მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია

ეკლესია (პოლონური რომან-კათოლიკური ეკლესია) მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა აგებული. მას შემდეგ რაც არქიტექტორმა ზალცმანმა 1874 წელს სხვა კათოლიკური ეკლესია ააგო, პირველს ”ძველი”, ხოლო ქუჩას რომელზეც იგი დგას ”ძველ კათოლიკური” უწოდეს. საბჭოთა პერიოდში მას 1 მაისის ქუჩა დაარქვეს, თუმცა 90-იანი წლების დასაწყისში მას ალექსანდრე დიუმას ქუჩა ეწოდა ცნობილი ფრანგი მწერლის პატივსაცემად, რომელიც თბილისს ესტუმრა, ძალიან მოეწონა იგი და მისი აღწერილობაც დატოვა. საბჭოთა პერიოდში ამ ეკლესიაში საწყობი მოეწყო და შენობა ძალიან დაძველდა. რომის პაპის სტუმრობის წინ იგი აღდგენილ იქნა და ახლა, კათოლიკურ მესებთან ერთად აქ ორღანის მოსმენაც შეიძლება.