სამშაბათი, 19 მარტი, 2024
| | | |
 
ქართული თეატრი და კინო

ფაქტს რომ ქართველები ხელოვნების მოტრფიალე ხალხია დავა დანადვილებით არ სჭირდება. ამაზე თუნდაც ის მიუთითებს, რომ პირველი თეატრი საქართველოში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ჯერ კიდევ მე-2 საუკუნის ბოლოს დაარსდა.

 

წარმოგიდგენიათ რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ? ეს იყო ქალაქ გორთან, უძველეს, კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში.

 

უფლისციხე, თავის დროზე, იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც აბრეშუმის სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. მასში დაცულია 100-ზე მეტი ოთახი და დარბაზი, ცენტრალური ქუჩა და წყალგაყვანილობის სისტემების ნარჩენები. ყველაზე კარგად კი შემონახულია ანტიკური თეატრის სცენა და დიდი დარბაზი.

 

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და რა თქმა უნდა, უფლისცხის თეატრი აღარ ფუნქციონირებს. სამაგიეროდ, დღევანდელი საქართველო და განსაკუთრებით კი თბილისი, თეატრების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის.

 

თუკი თბილისში მოხვდებით, აუცილებლად ეწვიეთ ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს რუსთაველის გამზირზე. შენობა მორთულია მავრიტანულ სტილში. ვიწრო სვეტები და ლამაზი ორნამენტები თეატრს განუმოერებელ ხიბლს სძენენ.

 

თბილისის სხვა ცნობილი თეატრებია:

 

·        კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური    დრამატული თეატრი;

·        შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი;

·        სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი;

·        ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული   დრამატული თეატრი;

·        თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრი;

·        თავისუფალი თეატრი და სხვ.

 

ქართულ კინოს რაც შეეხება, მისი ისტორია, ფაქტობრივად, ევროპულის პარალელურად იწყება. პირველი კინო საქართველოში 1896 წლის 16 ნოემბერს დაარსდა. პირველ ქართულ ფილმად კი ვასილ ამაშუკელის “აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში”-ია აღიარებული. ეს გახლდათ რეალურ ამბავზე დაყრდნობილი დოკუმენტური ფილმი. ამის შემდგომ კი, 1916 წელს, ალექსანდრე წუწუნავამ გადაიღო პირველი ქართული მხატვრული ფილმი “ქრისტინე”. 

 

მას შემდეგ ქართველების მიერ ბევრი ფილმი იქნა გადაღებული. სხვდასხვა დროის ქართული კინემატოგრაფიის გამორჩეული წარმომადგენლები იყვნენ და არიან ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, ოთარ იოსელიანი, სიკო დოლიძე, კოტე მიქაბერიძე, თენგიზ აბულაძე, რევაზ ჩხეიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, რეზო ესაძე, მერაბ კოკოჩაშვილი, ნანა მჭედლიძე, ლანა ღოღობერიძე, ნანა ჯორჯაძე, მიხეილ კობახიძე, გოდერძი ჩოხელი, თემურ ბაბლუანი და სხვ.